მურმან ლებანიძე - "გოგონა კითხულობდა"

გოგონა კითხულობდა
ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით
და სულის ფორიაქს ამაოდ მალავდა...
უფსკრულში დაეშვა მუქლურჯი მწვერვალებით,
ანაზდად დარბაზში პოეტი დალანდა...

გაწითლდა, გათეთრდა, გალურჯდა, გაყვითლდა,
ანდაზად თვალი ჰკიდა საყვარლად ჭაღარას...
პოეტი დაჯდა და პოეტი გაფითრდა -
გისმენო, შვილო შემო, და თავი დახარა...

გოგონა კითხულობდა
ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით
და სულის ფორიაქს ის აღარ მალავდა,
უფსკრულებს დაეშვა მუქლურჯი მწვერვალებით
და თავის განწირვით მის დამწერს ზარავდა...

სული, მომწყვდეული იმ ხორცის დილეგში,
თრთოდა და იწვოდა, სისხლი გამშრალიყო;
იცოდა გოგონამ რაც იყო იმ ლექსში
და ისიც იცოდა ლექსში რაც არ იყო...

ის იყო ნატიფი, ის იყო კაფანდრა,
ის სისხლით ცისფერი და ჯიშით რჩეული,
იყო რა დიდი და იყო რა პატარა!
და იყო პოეტი ბალღისგან ძლეული...
. . . . . . . . . .
გზას მოსდევს პოეტი კლდოვანი ფერდობით,
მოსტოპავს ბილიკებს ეკლიან ჯაგებით -
არის ბედნიერი ის ხალხთან ერთობით,
კაცისგან, ბალღისგან,
ხალხისგან გაგებით!

Murman Lebanidze - Gogona Kitxulobda
მურმან ლებანიძე - გოგონა კითხულობდა

No comments:

Post a Comment