მარიამ მელიქიშვილი - დგანან უცხო დღეები

დგანან უცხო დღეები,
შენი მწიფე ქარიზმა.
ვარდი მონაღერები
მოიძულა მაისმა...

რადგან ჩემი სიტყვები
შენგან ისე შორია,
მდუმარებამ დაფარა
მთელი ტერიტორია.

რადგან ჩემგან წასული
ფიქრით მომეხიზნები.
დაგავიწყდა წარსული,
დოგმა, კატეხიზმები.

დააბიჯებს მიწაზე
ასეთი ათასები,
გამორჩეულს უყვარდი,
შენ კი ვერ აფასებდი...

ფიქრი ჩემი, ტოტიდან
აფრენილი გნოლია,
დგანან უცხო დღეები,
მწიფე მელანქოლია...

mariam meliqishvili-dganan ucxo dgeebi

2 comments:

  1. ცხედრები...

    მე არას ვითხოვ, ერთი ცალი მზის სხივის გარდა,
    თითო წვეთობით რომ გამილღვოს დამზრალი სახლი,
    გამითბოს გრძნობა, სიცივისგან რომ გადაგვარდა.
    გრძნობა, რომელსაც უშენობას წვეტებზე ვახლი.

    მე-სულე მინდა, მე სულელს, რომ მე-გულოს თავთან.
    სხვას კი არა და საკუთარ თავს აღარ ვედრები,
    თანა-მე-სულე მინდა, თორემ გაღებულ კართან,
    ადამიანად გადაცმული, ლპება ცხედრები...

    სიცოცხლე მინდა, იმ ყვავილის კლდეზე რომ ყვავის
    და არა წკიპზე დაჭერილი კბილებით სული.
    მინდა ჩამოხსნათ ჩემი ციდან ჩხავილი ყვავის,
    არაა სივრცე, გადით, ყველა აქ შემოსული!

    მინდა ჩამოვჯდე, ფიქრში ვეძებ მტკაველა ადგილს,
    მაგრამ აქ ყველგან, შენით სავსე, ტივტივებს კუბო,
    სხვებთან ვეძახი უშენობას „საოცრად ადვილს,“
    თორემ ვლოცულობ გადავრჩე და არ დავიღუპო.

    მე არას ვითხოვ, შემახვედრეთ საკუთარ მესთან,
    ბადრაგითა და ხელბორკილით, განსაზღვრულ ვადით,
    ჩვენ არ გვჭირდება საუბარი სხვა - მესამესთან,
    ამიტომ ეკრანს მოშორდით და სახლებში წადით!

    გაივლის შიში ანაჭედებ გულის ფიცარზე,
    დარდი ჯებირებს აუშენებს სხეულს გარშემო,
    მოთმენა ვეღარ შეიმაგრებს უფსკრულთან თავს და
    შენთან მოვალ რომ ტკივილები ჩემი გაჩვენო...

    ნაღრძობ ფეხივით ავითრიე განწყობის გემო,
    მე-სულე მინდა მე სულელს, რომ მე-გულოს მკერდში,
    თანა-მე-სულე მინდა, თორემ, მკითხველო ჩემო,
    მტკაველა ადგილს ვერ ვპოულობ დასამარხ მკვდრებში...

    მარიამ მელიქიშვილი

    განსაკუთრებით მიყვარს <3

    ReplyDelete
  2. ***
    მე, თითქოს, მზე მიდგას თვალებში,
    ანდა ცის მზისფერი მდინარე.
    ვაგროვებ სიყვარულ დრაჰკანებს,
    ღიმილით ჩამოჭრილ დინარებს.
    ..........................................................
    ვსუნთქავ გრაფიკით,
    ძალიან ბევრი ნერვებია გადასახდელი.
    იმდენად ბევრი, რომ შვილისთვის
    იაფფასიანი ღიმილიც ვერ მიყიდია...
    სული მოითქვი მარიამ,
    საზრუნავზე დალაქავებული უდარდელობა
    დააფინე და ჩამოჯექი.
    ცოტა ხნით, სული მოითქვი მაირიამ!
    ...........................................................
    ხანდახან იცის ხოლმე მზემ
    ღრუბლებიდან გამოხედვა.
    გაშმაგებული ვაწყდები მაშინ ფანჯრებს
    და ვცდილობ ჭურჭელი სხივებით ავავსო.
    ადამიანეთში ზამთარი ჩვეულებად გვექცა.
    გამუდმებით ვცივდები და ვაცემინებ - ,
    ორგანიზმი ფარისეველ ბაცილებს იშორებს.
    დაგროვილი სხივების თვალებში ამოსმა ვიცი,
    მერე ყველაფერი ნათელი ჩანს.
    ერთხელ ასე, კინაღამ, დავბრმავდი,
    თვალზე ადამიანთა გულგრილობამ გამომაყარა...
    ....................................................
    მიწის მძევლები,
    უიმედოდ ცდილობენ ფესვების აწყვეტას.
    ცოტა ხანი კიდევ იბრძოლებენ
    და შემდეგ ბედს შეგუებულები,
    განაგრძობენ რწევას ხეები...
    მე კი ტაქტებად ავაყოლებ
    ფოთლებს ფორიაქს
    და თმის ბოლოებს შემოვაბამ
    ოცნებას მზეზე...

    მარიამ მელიქიშვილი <3 <3 <3

    ReplyDelete