ლაშა-გიორგი - ხვალე

მუდამ შიში მდევს მომავლის,ხვალის,
ან რა იქნება ათას წლის მერე,
დაეკარგება სურნელი ყვავილს,
აქ თუ იქნება ისევ ეს ღელე.

სიტყვა მესობა ბასრი ისარივით,
ხელიდან მისხლტება კალამი ურჩი,
ფიქრი დაფუთფუთებს ბებერ მისანივით
რომ ბედისწერას ვერ გადავურჩი.

მე დიდხანს ვფიქრობ იმ მომავალზე,
ჯოჯოხეთია იქ თუ სამოთხე,
საყვირის ხმაა თეთრ თბომავალზე,
მეზღვაურივით უნდა გამოვთვრე.

გარდასული დღით თვალი ვერ ძღება,
იქაც შევხვდები ამის კაპიტანს,
ტიციანისებრ ლექსების წყებას
შევეგებები,სადმე ჩამიტანს.

ხვალინდელი დღის მე მომკლავს ჯავრი,
მერე მოვითხოვ ცხენებს ეტლიანს,
და დამესევა მტარვალთა ჯარი,
აღსარებასაც აქეთ მეტყვიან.

არ მსურს დაგტოვოთ,როგორც კულაკმა,
შეკედლებულმა ზეცას თაღიანს,
ჯერაც ტყეში ვარ,ვწევარ გულაღმა,
ხის კენწეროებს ვუჭვრეტ თვალღია.

ხვალ კი იქნება შენება,რყევა,
ახალი გზების ძებნა ფრიადი,
კიპაროსების საამო რხევა
და დიდებული მზის განთიადი.

რა მშვენიერი სიტყვაა "ხვალე",
თითქოს გიწვდიან ხელს მომავლიდან,
ახლა ოცნებით დავხუჭავ თვალებს,
საყვირს მოვუსმენ თეთრ თბომავლიდან.

მუდამ შიში მდევს მომავლის,ხვალის,
ან რა იქნება ათას წლის მერე,
დაეკარგება სურნელი ყვავილს,
აქ თუ იქნება ისევ ეს ღელე.

Lasha-Giorgi - Xvale

No comments:

Post a Comment