ლაშა-გიორგი - ალბათ

ალბათ
არასოდეს არ მწყენია
სხვისთვის რომ გაშალე დალალები,
ჩემი გულწრფელობის არ მცხვენია,
აღარც გაგიხსენებ დანანებით.

მგონი
ჩემში იყო მესაკუთრე,
შენში ჭარბად იყო ქარიშხლები,
წუხელ საკუთარ თავს ვესაუბრე,
ისიც მესაუბრა გარისხებით.

თითქოს
ამედევნე ბავშვობიდან,
მუდამ საპატარძლოდ იმოსები,
ერთხელ ნაღვლიანი გამშორდი და,
აღარ ყვავილობდნენ მიმოზები.

 ვაი
არ მელევა განსაცდელი,
ქარი ბოლო სანთელს ურცხვად მიქრობს,
წერილს საპასუხოს დღესაც ველი,
შენ კი ვერ იმეტებ ვერც ერთ სტრიქონს.

იქნებ
გამირბოდი არასოდეს,
ჩემკენ მოდიოდი ბილიკებით,
მინდა,სიყვარული თამაშობდეს,
ფრთხილად,უსიტყვოდ და მიმიკებით.

 ერთიც
ჩამოივლის ქარავანი,
და მეც გაგეცლები ტრამალებით,
ტბა ჩამოვიტოვე ფარავანი,
ცხენს მივერეკები გამალებით.

 ალბათ
არასოდეს არ მწყენია,
სხვისთვის რომ ირთვები დალალებით,
ჩემი გულწრფელობის არ მრცხვენია,
აღარც გაგიხსენებ დანანებით.

lasha-giorgi - albat

No comments:

Post a Comment