ლაშა-გიორგი - მივათრევ დღეებს,როგორც აგურებს

მე შენთან მოვალ და მოგხვევ ხელებს,
(ლურსმანი სტკივა კედელში ფიცარს)
როცა აპრილი სულს გაახელებს,
შენი სხეულის აჩრდილი მიცან.

მე შენთან მოველ შორი გზებიდან
დაღალული და წყალი მწყურია,
ნაფლეთებია შმაგი გზნებიდან
და ნაფლეთებიც საამურია.

მე შენთან მოველ და ალვის ტანზე
შემოგტმასნია ჩითის ხვიარა,
ძველი თბილისი ცეკვავდა თარზე,
ჩვენ ვარდობისთვემ გადაგვიარა.

შენ ახალ-ახალს დაეძებ განცდას,
მარტივად აჰყევ დროის დინებას,
მეგობრებისგან მოითხოვ დაცდას
და ზაფხულზე გსურს დაქორწინება.

მე კი დამშვრალი ტანჯულ სიცოცხლით,
მივათრევ დღეებს,როგორც აგურებს,
ჯერ ვიფაფხურებ როგორც ვიცოდი,
მერე უკუნი დაისადგურებს.

წუხელ გეძებდი,ქუხდა,ელავდა,
ნესტი სტკიოდა კედელში ფიცარს,
მარტმა ზამთარი გააფერადა,
იასამანის სურნელში გიცან.

lasha-giorgi - mivatrev dgeebs,rogorc agurebs

No comments:

Post a Comment