პაოლო იაშვილი - ლირიკული მისამართიდან

ჯერ სიყვარული ასე ფართო და ასე მთელი
მე არ მიგრძვნია - და ეს სიბრძნე დამბუდებია,
მოშვერილი ვარ შენზე გულით და როგორ გელი -
თვალები ამის უტყუარი საბუთებია.

ჩემი დაბნევა, ელდა, ყოველ წამით ცეტობა,
როცა არ მესმის, რას ამბობენ, რად მეძახიან,
უხერხულობა, ყველა დარდი, ყველა შეცდომა -
ეგ ყველაფერი, სანატრელო, შენი დაღია.

მოუსვენრობა ვერაფერმა ვეღარ გახარა,
გამოჩნდი იმ დროს, იჭვები რომ მებადებიან.
ნუ გეშინია, ჩემო კარგო, თმაში ჭაღარა -
ეს სინათლეა, სიყვარულს რომ შემატებია!

ოცდაჩვიტმეტი წელიწადი ისე გაცურდა
როგორც მხატვარის მეგობრობა საყვარელ ფერთან,
იყავი ჩემთან, გამტანელთან და ვაჟკაცურად,
ამ დიდ თვალებში ყოველ წამში ვიაროთ ერთად.

ნუ ჩაგაფიქრა ჭირვეული ჭორის ხროებმა,
ჩემთვის სიჩუმე ღამეში რომ მოიზანტება,
საშინელია, როგორც ომის მოახლოება,
საშინელია, როგორც ჩემთვის ტყვიის მზადება...

Pavlo Iashvili - Lirikuli Misamartidan

No comments:

Post a Comment