მორის ფოცხიშვილი - სიცხიანი უფლისწული

ფრთებზე გემბორები,
ფრთები ეხლა თითქოს შენი აფრებია,-
შენს სულს ეს მთაგორები
კოტოშებად აფენია.
სიცხე შენი გზნებისა
დრომ ვით გამოგინელოს,
საქართველოვ,ფასკუნჯივით
ლაჟვარდებში ატყორცნილო ფრინველო!
იქნებ მე ვარ შენი ხემსი,
მადლი ჰქმენ და
მიმსახურე ამ ორ დღეს,-
სისხლნაკლული ჩემი ლექსი
ნეტამც ხვალ-ზეგ
შენს საწვავად გამოდგეს!
სხვა რა გკადრო,რა ვიგიჟო,
იქნებ ჯაყვით გამოვიჭრა ყანყრატო,
იქნებ ხორცი დავიგლიჯო
და გზადაგზა ლუკმა-ლუკმად გაყლაპო.
ნუგეშო და ლეშხო ჩემო,
რა გრიგალი,რა სიო,-
სული უნდა მოვიპეშვო
და წყალივით მხოლოდ შენ ერთს გასმიო!
ნუ დამინდობ,სულაც ვინ ვარ,
სიმი ვარ თუ ხმაჩამწყდარი ვოკალი,-
ერთ აფრენად არა ვღირვარ,
გევედრები,შენს მიწაზე მომკალი!
სიცხე შენი გზნებისა
დრომ ვით გამოგინელოს,
საქართველოვ,
უკვდავებად
ლაჟვარდებში ატყორცნილო ფრინველო!


Moris Focxishvili - Sicxiani Ufliswuli

No comments:

Post a Comment