ლევან ფანჩვიძე - მე დამესიზმრა

წვიმდა და აღარ გადაიდარა,
ძვლივს მიაღწია სულმა ხატამდი,
მე დამესიზმრა - ვიყავ ნიკალა
და ფუნჯით ქართულ ზეცას ვხატავდი.

როცა სიცოცხლე ასე ტკბილია,
ვინ გაიმეტა ქართლი ესოდენ,
მე დამესიზმრა - ვიყავ ილია
და წიწამურთან ტყვიას მესროდნენ.

ვარ ყველა დროის თანამედროვე,
ფიქრით მივცურავდი ნატვრის ყურემდი,
მე დამესიზმრა - ვიყავ თევდორე
და ყიზილბაშებს თავგზას ვურევდი.

დაფიქრებული მოდის რიონი,
ცა იმერეთის მხიბლავს ტილოთი,
მესიზმრა - ვიყავ გალაკტიონი
და თვითმკვლელობას ჩემსას ვცდილობდი.

ვერ გამოვიცან სოფლის იგავი,
ბეთლემის მხრიდან ქრისტეს მოსვლამდი,
მე დამესიზმრა - ბერი ვიყავი
და სინას მთიდან მამულს ვლოცავდი.

რამდენი ლექსი დამრჩა უთქმელი
მოჰქუხს არაგვად ტალღა სტრიქონთა,
მე დამესიზმრა - ვიყავ რუსთველი
და სამშობლოდან ცრემლი მიმქონდა.

იორის პირას ცეცხლი მინთია,
დღე იმზირება ატმის ჩეროდან,
მე დამესიზმრა - ვიყავ მინდია
და ჩემი სიბრძნის არვის სჯეროდა.

ვიდრე შემოვა მწუხრი ღამისა,
ჩემო ხატებავ, ჩემო ლერწამო,
მომეცი თაფლი, მხრებზედ წავისვა
და ცოტნესავით შენთვის ვეწამო!...

Levan Fanjividze - Me Damesizmra

No comments:

Post a Comment