ოთარ ჭილაძე - ადამიანი უფრო მეტია

ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ჰგონია...
მაგრამ აქამდე ვერ უპოვია საბრალოს თავი
და გადის მისი მოკლე ცხოვრება 
შურში, მტრობაში და სიძულვილში.
შენ რატომ უნდა გეძინოს ცუდად, 
მე თუ... რაღაცით ვარ ბედნიერი...
ან რატომ უნდა გეძინოს მშვიდად,
როცა მე ვწევარ სისხლის გუბეში?
უცნაურია, მაგრამ ჩემსავით
ბევრს ჩაუყლაპავს ბოლო ცრემლები:
სიმწრის, სიბრაზის და სინანულის.
მეც, რა თქმა უნდა, ვნანობ სიცოცხლეს,
ძალიან მალე დასრულდა იგი,
მაგრამ არ ვნანობ, ასე რომ მოვკვდი,
რაღაცას ნიშნავს... რადგან ამქვეყნად
ბოროტის გვერდით არის კეთილიც.
ბევრია ჩემზე პატიოსანიც,
ჩემზე ჭკვიანიც და მოყვარულიც.
და როგორც ტყიდან
მეორე ტყეში
გადააქვთ ქარებს თესლი ხეების,
ისე გადადის გულიდან გულზე
ჩვენი ფიქრები და სურვილები.
ცა ხომ ვრცელია, მაგრამ ამ ცაშიც
ეჯახებიან ღრუბლებს ღრუბლები.
ამ შეჯახებას მოსდევს ქუხილი,
ქუხილს კი - ცეცხლი, რომ ცეცხლის შუქით
გზა გაინათონ წვიმებმა ბნელში,
ხოლო წვიმები კლდეებს რეცხავენ
და კაცის გულსაც...
და როგორც ბროლის მაღალ ტაძარში
მთელი ქვეყანა შედის წვიმაში.


Otar Chiladze - Adamiani Upro Metia
ოთარ ჭილაძე - ადამიანი უფრო მეტია

No comments:

Post a Comment