ფრიდონ ხალვაში - მემლექეთი

მითხარ, როგორაა მემლექეთი,
ჩემი სანატრელი საქართველო,
რამე იმნაირი გამაგონე,
გული დაკოდილი გავამთელო.
მითხარ, როგორაა მემლექეთი,
მე სულ მისი ფიქრით დავდიოდი,
ახლად დავიბადე, თბილისიდან
ხმა რომ დავიჭირე რადიოთი.
კაი მექართულე ვეღარა ვარ,
მაგრამ სული მიდუღს იმოდენა,
რომ შიგ სიტყვა მარად მშობლიური,
როგორც გაზაფხული, იტოტება.
მითხარ, როგორაა მემლექეთი,
მცხეთა, ქობულეთი, კახაბერი,
იგი ნიადაგ თუ არ ვახსენე,
ისე ერთი წუთიც დამაბერებს.
ლუკმა არ მაკლია, მართალია,
მაგრამ სამშობლოით ღარიბი ვარ.
აი, ამნაირად, უსიცოცხლოდ,
მთელმა სიცოცხლემა გაირბინა.
მითხარ, როგორაა მემლექეთი,
აქ ჩვენ არ გეგონოთ ჩამქრალები,
იზმითს, ეგეოსის ნაპირებზეც
ვაგეთ საქართველოს სახლ-კარები.
მითხარ, როგორაა მემლექეთი,
ჩემი სანატრელი საქართველო,
რამე იმნაირი გამაგონე,
გული დაკოდილი გავამთელო.

Fridon Xalvashi - Memleqeti
ფრიდონ ხალვაში - მემლექეთი

No comments:

Post a Comment