თედო ბექიშვილი - შემოდგომა

მე შემეშინდა მარტო დარჩენის
და შენთან მოველ!
არაფერია, სხვა, დანარჩენი...
დაეხსენ ყოველ
უსაფუძვლო ფიქრს და ფორიაქს!
მე შემეშინდა მარტო დარჩენის
და შენთან მოველ!
გარეთ მოხრილი ხეების რიგი
მიჰყვება ქარებს
და უჩვეულოდ მოძრაობს ღამე.
მიაშრიალებს ღრუბლებს ფრთებივით
და სადღაც მთებში ეშვება მთვარე...
ხოლო ხეებზე ფოთლების მსგავსად
შეშფოთებული ჩიტები სხედან.
და ირწევიან რტოები ხეთა
და ქუჩებს ხმელი ფოთოლი კაწრავს...
არაფერია სხვა, დანარჩენი
ნუ გახვალ გარეთ!
მე შევკრთი უცებ
და შემეშინდა მარტო დარჩენის...
წვიმამ მომისწრო და შევეფარე...

Tedo Beqishvili - Shemodgoma

No comments:

Post a Comment