გიორგი ხასაია - "დაგვეხმარეთ ფულით, მზერით"

დაგვეხმარეთ ფულით, მზერით
მხარზე ხელის მოთათუნებით
ადამიანებო
ღმერთებო
პირუტყვებო
ანგელოზებო
ჩვენ გვყლაპავს ჰაერი და ვდგავართ
ვწევართ თუ უბრალოდ ვიცინით,
ივსება ჩვენი თვალები ყინულის მონატრებით და იბზარება.
თვალებს არ უვლით ჟრუანტელი
მათი თვისება აღარ არის სითბოს აღება
განა რა არის ამპარტავან
თვალებზე საშიში
მათი თვისება აღარ არის სითბოს აღება თანასწორობისთვის.
თვალები და სხვა ორგანოები.
თვალებიც უბრალო ხორცია
თვითმკვლელო დედის გულივით?
როცა თვალები მზერას აგროვებენ...
თვალები აგროვებენ მზერას
მოხვეტეთ ზამთარი
მოხვეტეთ შემოდგომა რომელმაც გამოტოვა ნოემბერი
მოხვეტეთ ნოემბერი
რომელიც გამოტოვა შემოდგომამ
შეაგროვეთ და დაახარისხეთ
გაათანაბრეთ და მერე ისევ განასხვავეთ
გადასანსლეთ
და წინასწარ ნუ იფიქრებთ მონელებაზე.

თქვენ არ ხართ სარკე
თქვენ სარკეში რჩებით ხანდახან.
როგორ მინდა ამოგიღოთ ბუდეებიდან.
სულ ტყუილად ჩამოიფარებთ,
მე უკვე ვიცი რომ ქუთუთო ღმერთი არ არის.

ხოლო თქვენ, მამაჩემო
ვისი მზერა მე ვერცერთხელ ვერ მოვიხელთე,
ისე დროულად დახუჭეთ თვალები.
დახუჭეთ თვალები
დახუჭეთ თვალები
დახუჭეთ თვალები გთხოვთ
აქ არაფერი ისეთი არ ხდება მამა
დახუჭეთ თვალები
აქ არაფერი არ ხდება!

Giorgi Xasaia - Dagvexmaret Fulit, Mzerit

No comments:

Post a Comment