შოთა ნიშნიანიძე - ძაღლები

თუ ძაღლს ოდესმე მიფერებიხარ,
ალბათ შემცბარხარ ძაღლის თვალებით.
რა ერთგულებით მოგჩერებია,
რა სიყვარულით და მოკრძალებით!

იმ თვალებიდან არა ბრიყვული
არამედ რაღაც ბრძნულად გამგები
ადამიანი თუ არ გიყურებს,
გიყურებს რაღაც არა ნაკლები,

სათნო, ჭკვიანი და გონიერი,
ალერსის ღირსი განა უღირსი,
მცირე სიკეთის სამაგიეროდ
როგორც მზად ყოფნა სიყვარულისთვის.

ყური დამიგდე, კაცო შემცბარო,
და ნუ მოჰყვები მოთქმა–გოდებას:
დაე ძაღლისგან მრავალს ესწავლოს
ერთგულება და თავგამოდება.

ნუ მიიქცევი სულო, საძილედ,
ძაღლივით ფხიზლად მიწექი კართან,
ნურაფერს ძაღლურს ნუ ითაკილებ
კუდის ქიცინის და ყეფის გარდა.

ძაღლის თვალებში ყეფს გაწბილება
და რაღაც უფრო ღრმად მიმალული,
ეგების მწარე გამოცდილება,
მწარე ნაღველი და სინანული?

იქნებ ისინი სხეულგაცლილი
ადამიანთა სულები გახლავთ,
რაღაც ცოდვისთვის ღვთისგან დასჯილნი,
დაბადებულან ძაღლებად ახლა.

და იმ უხსოვარ ღალატისათვის
ერთგულება აქვთ ახლა მისჯილი?
ძუნწ პატრონებსაც უნდა იცავდნენ
თუნდაც სძვრებოდეთ სული შიმშილით.

...მწყემსი, მესაზღვრე და მონადირე!
აი ცხოვრებამ რა შეარჩია,
ძაღლური ყოფის სხვა სინამდვილე
სისულელეა ანდა შარჟია.

ის ფარას მწყემსავს და მსტოვარს იჭერს.
კვალში მიჰყვება ნადირს ბოლომდე
და სამკურნალო ბალახსაც ირჩევს,
თითქოს მინდიას ნიჭი ჰქონოდეს.

ზოგს სისხლს და ჯილაგს იმდენს უქებენ,
აღარ კადრულობს სხვებთან გარევას,
ბეწვად მოზრდია გაზულუქება
და მორევია ზანტი მთქნარება.

დალოხებია ტანი უებრო,
დამსგავსებია დანდალა ცვედანს,
მოწყენილობა და გაქსუება
სველი დრუნჩიდან ლორწკივით წვეთავს.

თურმე ძაღლებსაც ამედიდურებს
და უმახინჯებს ძაღლურ ბუნებას
ზედმეტი ქება, ჯილდო, ტიტული,
ზედმეტი ლიზღი და ფუფუნება.

ასეთებს მუდამ ლოჟებში სვამენ
და, როგორც წესი, მანქანით დაჰყავთ.
ისინიც ლირწი თვალებით სვამენ
ცირკის სიყალბეს და შემთბარ ყაყანს.

სულაც არ იწვევს დიდ სიმპათიებს
ცირკის ძაღლები, არა და არა!
ასეა: ძაღლსაც ვერ ვაპატიებ
თამაშს და თავის ბუნების ღალატს.

ცირკში ვარ... ძაღლი "ბისზე" გავიდა
და ემანჭება სახე ობობად,
მე ძაღლის კბენას უფრო ავიტან
ვიდრე ამ ძაღლურ მსახიობობას.

ან გამოფენის გოროზ ჩემპიონს,
ამ ჩინ–მენდლებით გაბღენძილ რაინდს
უბრალო ძაღლი რად არ სჯობია
სისხლით თუ არა ბუნებით მაინც.

ის თუ გიბღვერის ამპარტავნულად,
ეს სამეგობროდ შემოგციცინებს,
უფრო სადაა და სპარტანული,
ჩანს: დაუხვეწავს ბედის სიმძიმეს.

ამიტომ შორით ვუგზავნი ალერსს
და ხშირად, ხშირად ფიქრებით დავდევ:
ცხოვრების ძირში ჩახედულ თვალებს,
არსებობისთვის დაკბენილ თათებს.

ის მგელი იყო და მგლობა დათმო,
კაცთან მოვიდა სამსახურისთვის.
ადამიანო, იყავი სათნო
და ნუ იქნები ზოგჯერ უვიცი.

გთხოვ, ნუ იქნები მკაცრი და გულქვა,
არ დაივიწყო ძაღლის ყისმათი,
არ დაინანო ძაღლისთვის ლუკმა
და არც გალახოთ, ღვთის გულისათვის.


მე კი წკმუტუნზე გავდივარ გარეთ
და ვხედავ: ძაღლი კუდაბუძგული
ძვალივით გამხმარ ამ ლექსის პწკარებს
რა ბედნიერი მიაძუნძულებს...

shota nishnianidze - dzaglebi

No comments:

Post a Comment