ვაჟა ფშაველა - ალექსანდრე ყაზბეგს

შვილო ტანჯულის ქვეყნისავ,
სული დაჰლიე ტანჯვითა,
მიუხვალ მამა-პაპათა
ამოღებულის ხანჯრითა,
ცრემლად დამდნარის გულითა,

დაღლილი მტრისა ჯავრითა!...
ცრემლი მიგყვება საგძლადა
და ტრფობა შენის ქვეყნისა
უქმს და ხელუყრელს აბჯრადა.

თავს დგმული ეკლის გვირგვინი
ფერხთ-წინ დაუგდე გმირებსა,
მამულისათვის გამწყდართა
იმ საქართველოს შვილებსა.

ცოცხლად იმედით მცხოვრებო,
გთხოვ, იმათაც სცე ნუგეში!
პირობა ქართველებისა,
ვგონებ, მიგყვება უბეში!...

უჩვენე შენი კალამი,
ნაწები სისხლის გუბეში!

Vaja Fshavela - Aleqsandre Yazbegs

No comments:

Post a Comment