ვაჟა-ფშაველა - ჩივილი ხმლისა

-დაჰჟანგებულხარ, გორდაო,
დაგობებია ქარქაში.
სადა გყავს შენი პატრონი,
დაგაწყებინოს კაშკაში?

-სადღა მყავს, ძმაო, პატრონი:
შამქორს გავწირე მკვდარია,
ორმოცგან სჭირდა ნახმლევი,
სდიოდა სისხლის ღვარია.

ომში წინ წასვლა უყვარდა,
ხელთ დაბღუჯვილი ფარია,
არას დასდევდა სიკვდილსა,
ოღომც არ შარცხვეს ჯარია,

მეფის თამარის გვირგვინი,
ქართველთ სამეფო გვარია.
ეხლა უშნოდ ვარ... დამკიდეს
ლაჩართ კედელზე უქმადა;

ვისღა სცალიან ჩემთვისა
ქვეყანა იქცა დუქნადა
გადამაგდებენ გირაოდ...
და გზირ-ნაცვლების ხელითა

ქვეყანა ხედავს მდებარეს
,,არშინის’, ,,ჩოთქის” გვერდითა.
შვიდასი წელი გამიხდა,
არ გავპოხილვარ დუმითა,

არ ვულესივარ ქართველსა
დაღიღინებით ჩუმითა.
მისი ხმა აღარ მსმენია:
,,გასჭერ, გამიშვი წინაო,
თუ სახელს არ მაშოვნინებ,
როგორ დავბრუნდე შინაო!”

Vaja Fshavela - Chivili Xmlisa

No comments:

Post a Comment