გენრი დოლიძე - ანგელოზის ცრემლები

ბავშვობიდან გულში მქონდა
საოცნებო, ერთი რამ,
რომ ოდესმე ჩემს მკლავებში
ლამაზ გოგოს ეტირა...
მტკიოდა და რომ გავიგე
გულის წამლის რეცეპტი
ქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზო
მტირალ გოგოს ვეძებდი...
ვერ ვპოვე და დავიღალე
ბევრი ძებნა-ლოდინით.
გულზე სევდა ჩამომაწვა
დაშლილ ციხის ლოდივით
და როდესაც მეგონა, რომ
დამიღამდა ცისკარი,
თავის ფეხით მომაყენა
სახიერმა ის ქალი...
ტალღასავით შემეფეთა,
მერე უცებ, იცი, რა?
ნიავივით ჩამეკრა და
ღრუბელივით იტირა...
გაყინული ნიავქარი
ქროდა სანაპიროდან,
შევამჩნიე, მის თვალებში
ანგელოზი ტიროდა...
მის თვალთაგან გადმოღვრილი
გაზაფხულის სინაზე
გულზე ისე შემევერცხლა,
როგორც წვიმა - მინაზე
ძლიერ მსურდა მის წამწამზე
ცრემლად ჩამოკიდება,
ცოტა ხანში გავათბე და
გავაცინე კიდევაც!
ბედზე როგორ დავიჩივლებ,
როგორ დავიწყევლები?!
როცა უღირსს წილად მერგო
ანგელოზის ცრემლები!..
ქარი თვლემდა, მზე გვიცქერდა
გაწითლებულ ტილოდან
შორს, ზღვის გაღმა, აფხაზეთში,
ღვთისმშობელი ტიროდა...

Genri Dolidze - Angelozis Cremlebi
გენრი დოლიძე -  ანგელოზის ცრემლები

No comments:

Post a Comment