შოთა ნიშნიანიძე - ტყიდან მოისმის რაკუნი

ტყიდან მოისმის რაკუნი
ნაჯახის - ხეზე დაკრულის.
იქნებ ბერმუხას, ტყის პირად რომ არი გადაზნექილი,
გულ-მკერდს უსინჯავს კოდალა, როგორც ავადმყოფს ექიმი?

მერცხალი ბუდეს ძერწავდა,
თან ახარბებდა ჩიტუნებს,
გაფრინდებოდა ლეწმებთან,
ესტუმრებოდა ზვინულებს,
ერთს ტალახს გამოართმევდა,
მეორეს - თივის ბულულებს.

მინდვრად გავიდნენ ბიჭები ბარით, თოხით და წერაქვით,
ტრაქტორმა შემოახია მიწას ბალახის პერანგი,
რა კარგი სანახავია მიწა გულისპირშეხსნილი,
ხნულის შავ-შავი ბწკარები წაიკითხება ლექსივით.

ტყიდან მოისმის რაკუნი
ნაჯახის - ხეზე დაკრულის,
ჰოდა, ბერმუხას, ტყისპირად რომ არი გადაზნექილი,
გულ-მკერდს უსინჯავს კოდალა, როგორც ავადმყოფს ექიმი...

Shota Nishnianidze - Tyidan Moismis Rakuni
შოთა ნიშნიანიძე - ტყიდან მოისმის რაკუნი

No comments:

Post a Comment