შოთა ნიშნიანიძე - კვლავ მომიჩეჩა ქარმა ქოჩორი

კვლავ მომიჩეჩა ქარმა ქოჩორი,
კვლავ მომეძალა რაღაც ბავშვური,
ტანზე მასხია ფოთლის ჩოჩქოლი,
ფესვის თრთოლვა თუ წვიმის ფაჩუნი.

თქვენ ალბათ იტყვით: ისევ ვიგონებ
და არც გეყოფათ ალბათ სიცილად,
თუ ტანში ისე მწიწკნის სტრიქონი,
თითქოს იცილებს ნაჭუჭს წიწილა.

რა ვქნა, ყოველი კუნჭული მიწის
თუ ტყე ბინდივით კლდეზე მცოცავი,
- თვიჩი, თვიჩიო, - ბალახებს მიწვდის,
რომ მიმიტყუოს სულელ ხბოსავით.

რა მიტყუება ან ხვეწნა მინდა,
როცა ისედაც სულ უმიზეზოდ
მზადა ვარ, ძმებო, გავვარდე მინდვრად,
ცოტა სიმწვანე რომ წავიხემსო.

ბიჭივით ვუსტვენ...
და მივსდევ რელსებს,
საითაც მინდა, გავწევ იქითკენ,
თუ მინდა არაგვს მოვიხვევ წელზე,
თუ მინდა მკლავზე გადავიკიდებ.

მეძახის მიწა ახლად დახნული
და მწიწკნის, მწიწკნის ფათქუნა სიტყვა
და გაბრუებულს ამ გაზაფხულით
ნურაფერს მომთხოვთ... ნურაფერს მკითხავთ...

Shota Nishnianidze - Kvlav Momichecha Qarma Qochori
შოთა ნიშნიანიძე - კვლავ მომიჩეჩა ქარმა ქოჩორი

No comments:

Post a Comment