შოთა ნიშნიანიძე - ფიქრში გავყვები მატარებელს

ფიქრში გავყვები მატარებელს, რიონს გავცდები,
გულისფანცქალით ჩამოვხტები „ბროწეულაზე“,
გამორბის ყანა და ვერც გამორბის,
უნდა ჩამიკრას და ხელებზე გადამიგოროს,
- ჩამოვიდაო...
თრთის სიხარულით
აქეთ ხვილიფი,
რიონი იქით.
ხვილიფის ჭალავ,
ჰაუ, ჭალავ,
ჰაუ, მუხებო!
ყოველღამ თქვენთან თბილისიდან მოვიპარები.
მოვდივარ ნისლად,
ნიავქარად,
მოვდივარ წვიმად.
ასეთი რა ხარ, ო, მადლიანო,
რომ შენი ნახვა არა მბეზრდება.
რამდენჯერ გნახავ, მუდამ მაოცებ,
თითქოს ესაა, პირველად გხედავ!
დამესიზმრება:
ვითომ სოფლად ღამე ვათიე;
საღორიიდან სცემდა ქარი მესხეთის ყანებს,
ხეზე გამობმულ ულაყივით ფრთხვინავდა ქარი.
და მთელი ღამე ოდის კედლებს აყრიდა ტლიკნებს.
მომელანდება:
გობზე კვახი,
ჭყვინტი სიმინდი,
წისქვილის ღარში ღვინის დოქი ღვლერჭით დაბმული...
გარეთ წვიმა... სოხანეზე სუფრას ვუსხედვართ,
ნადუღი პიტნით და ქოთანში ჩაფხვნილი ჭადი,
მომელანდება... მომენატრება...

Shota Nishnianidze - Fiqrshi Gavyvebi Matarebels
შოთა ნიშნიანიძე - ფიქრში გავყვები მატარებელს

No comments:

Post a Comment