დარეჯან სუმბაძე - როგორ გითხრა

ამ ხნის მანძილზე მერამდენედ
მახსენდები, როგორ გწყურია.
მაგრამ გიმხელ, აღარ მაქვს ძალა
და სიმწიფეს ლეღვის ნაყოფის
წებოვანი ტკბილი თითებით
უკან ვაბრუნებ
მადლიერი დედა-ტოტისკენ.
და როგორ გითხრა, ჩემო ყველაზე...
არაფერს გეტყვი – იგულისხმე:
მე ვარ ქალი.
და რაკი ყოფნას ცხოვრება ქვია
(უფრო ასეა მიღებული),
უნდა მერჩიოს
ნაჩვევი, უფრო რუხი მხარის
ნელთბილი ჩრდილი
სხვათა მხარის, უფრო მზიანის,
ხანძარმოდებულ ჭიამაიებს.
რაკი ასეა მიღებული – ვემორჩილები.
და ამ ჩრდილში
ვაღამებ და ვათენებ ამბებს.
მოწყენილობა მეხმარება არ ვიყო მარტო.
და ვაცოცხლებთ მიტოვებულ, ხშირად გარდაცვლილ
მაქმანებს, კაბებს...
ვუცვლით ადგილს მიტოვებიდან ხმაურისკენ.
და მყვირალა კარნავალი
ცრემლიანი და მხიარული ისტერიებით
აფერადებს რუხი ოთახის ერთფეროვნებას.
რომლის განწყობას წინდებსა და ნიღბებს ვუხამებ,
როგორც ქალი-ქამელეონი.
და როგორ გითხრა...
ზოგჯერ, როცა მავიწყდება,
რომ
მე ვარ ქალი
და ყოფნასაც ცხოვრება ქვია,
ვიწყებ კარადის სიძველიდან
და ვიმოსავ:
დაბადებიდან
აბრეშუმის კანს,
სადაფის ფრჩხილებს,
ვეფხვის თვალებს,
ნაწვიმარ თმას,
თავსხმა მთვარობას
ვეპარები სხვათა მხარისკენ,
რომ მხრების სირცხვილს
შეფაკლული -მაიების ყაყაჩოსფერი ჩამოვაფარო
და ყოველდღიურ რუხ მელოდრამას
შევუხამო ღალატის და
წითელი ფერი.
ეს ცხოვრებაა მოხდენილი, ასეთი. თორემ
როგორ გითხრა...
ძეო ჩემო,
მამაჩემო,
საყვარელო,
ჩემო ყველაზე...
იქნებ კიდეც ლამაზად მეთქვა,
პოეტი რომ ვყოფილიყავი.

Darejan Sumbadze - Rogor Gitxra
დარეჯან სუმბაძე - როგორ გითხრა

No comments:

Post a Comment