შოთა ნიშნიანიძე - სინამდვილე და ზღაპარს უდრის

ტყეში შევდივარ და ხედ ვიქცევი,
ხეში შევდივა და ხის სული ვარ,
ზღვაში შესული ტალღად ვიქცევი,
მთაში ბილიკად გახიდნული ვარ.

მსურს, ყველა ბონდი გადავიარო,
გადავიწვიმო მეტყევის ქოხში,
გადავიარო ის მთა ფრიალო
და სიჩუმისგან გავიხსნა კოშკი.

აიზლაზნება ლეგენდა ციხით,
როგორც დამფრთხალი ბებერი ძერა
და სივრცის იქით და დროის იქით,
რაღაც ავსტრალურ სივრცეებს ზვრავს.

მდხვილ-მსხვილ, ჟანგისფერ ჭიანჭველებად
ქვებზე მიცოცავს ჯაჭვის პერანგი,
თითქოს ხილვაა ან გახსენება
ძველი სიკვდილის და ფათერაკის.

მინდა, ვაზივით წამოვაყენო
ქვაზე მტირალი ეპიტაფია,
ვკრიფო ყურძნი ქვაზე ნამყენი,
როგორც შაირი ანდა კაცია.

აი გვირაბიც _ ღამის სახელო
გარეთ ხელივით ყოფს მატარებელს
და მოლოდინში ღელავს ამხელენ
გზები, ხიდები და პატარები.

ზოგი სადგური წითელქუდაა,
ტყე კი მგელივით უპირებს შეჭმას
სინამდვილეა და ზღაპარს უდრის
და მირაჟივით ცისკიდურს შერჩა.

სადგურებს თითო მუჭა ბაზარი
კალათებივით უდევთ მუხლებზე,
მზე ჩამავალი ტყეს აზანზარებს,
ჩრდილის საბერტყად გადის მუხებზე.

ხოლო მუხლუხო მუხის ფოთლებთან
გააზრებული მეტაფორულად,
რომ თავის თავში ვერ გამოკეტა,
როგორც მანრტივი რაღაც ფორმულა.

იგი ფერს იცვლის, როგორც მირაჟი
რა როგორც აზრი სრულყოფას ეძებს,
გადადის უფრო რთულ ფორმულაში
და მატარებლად მიჰყვება რელსებს.

ეს მზე, ეს მითი დამახურეთ ქუდად,
მიწისქვეშას პაპის სული მიცხონეთ,
სინამდვილეა და ზღაპარს უდრის
და აქ სიკვდილი უდრის სიცოცხლეს.

და მაინც ეჭვი, როგორც კოშმარი,
არავინ მკითხოს, რატომ მდევნიდა...
თვითონ სიკვდილმაც ვერ ამომშალოს
სამყაროს ამ დიდ განტოლებიდან...

Shota Nishnianidze - Sinamdvile Da Zgapars Udris
შოთა ნიშნიანიძე - სინამდვილე და ზღაპარს უდრის 

No comments:

Post a Comment