თემურ ჩალაბაშვილი - ჰამლეტ გონაშვილს

შენ წამოიწყე "დაიგვიანეს"
და შუბლზე გაჩნდნენ ოშკის ბზარები,
ეგებ, ემაგ ყელს ერთად ხატავდნენ
ბექა და ბეშქენ ოპიზარები.

კრთოდნენ შენი ხმის მინანქარები,
როგორც ჩაქჩერი, კლდიდან ვარდნილი
და არწივული შენი თვალებით
მეხატებოდა წინ ავთანდილი.

მღეროდი რაღაც სულ სხვა თილისმით,
თითქოს ბგერებით ტაძარს ხატავდი,
თავზე გეხურა ზეცა თბილისის,
რომლის მიწაზეც ამოთავთავდი.

"დაიგვიანეს", მაგრამ სალამურს
ყური მოჰკრეს და აღარ დარდობენ,-
და ის პატარა მწყემსი ბიჭები
მთებში ვეფხვივით დანავარდობენ.

შენ წამოიწყე "დაიგვიანეს"
და შუბლზე გაჩნდნენ ოშკის ბზარები,
იქნებ ემაგ ყელს ერთად ხატავდნენ
ბექა და ბეშქენ ოპიზარები.

Temur Chalabashvili - Hamlet Gonashvils
თემურ ჩალაბაშვილი - ჰამლეტ გონაშვილს 

No comments:

Post a Comment