მუხრან მაჭავარიანი - მაგონდება

მაგონდება:
ჭალაში ვარ.
ირგვლივ
მწვანე ზაფხულია.
გზაზე მიდის ცხენოსანი, -
მღერის:
ღვინოვ კახუროო!

მაგონდება:
წრიპა მთვარე, -
აზნაურის ულვაშივით.
შემოდგომა.
საწნახელში
დგას გრიგოლა კუპრაშვილი.

მაგონდება:
თბილისიდან
ჩამოვიდა გოგოლია.
ხვევნა-კოცნა,
ამ მთის,
იმ მთის...
- ამინდები როგორია?!

მაგონდება:
ფარნაოზი -
შავი, როგორც აბანოზი,
- სად გაშავდი, -
ზღვაზე?!
- არა, -
ჭიათურის მაღაროში.

მაგონდება:
ზამთარია.
თეთრი,
თეთრი ზამთარია.
სტუმრებს ველით, -
ვღელავთ:
- იმე,
თუ მოდიან, -
სად არიან?!

Muxran Machavariani - Magondeba
მუხრან მაჭავარიანი - მაგონდება

No comments:

Post a Comment