ტერენტი გრანელი - ეს საავადმყოფო კუბოს მაგონებს

ეს საავადმყოფო კუბოს მაგონებს,
სიკვდილზე ფიქრი აქ უფრო მღალავს.
გამომელია მართლა ძალ-ღონე,
გამომელია სიცოცხლის ძალა.

ჰა, თორმეტია, ეს დღე ბერდება,
დღეა მზიანი და არის კვირა.
ვატყობ ეს გული დღეს შეჩერდება,
დღეს ვიმყოფები სიკვდილის პირას.

ვსუნთქავ და წამი მიმაქვს წვალებით,
ვწევარ ლოგინში მუხლმოდრეკილი.
მზიანი დღეა, და სათვალეებით
შემოდის ჩემთან თეთრი ექიმი.

დღეა და ახლო ყივის მამალი,
თან გაყვითლება იწყეს თვალებმა.
და მოიტანეს შუშით წამალი,
მე მეზარება წამლის დალევა.

ამ წამებს მოაქვს სხვა დაფიქრება,
ასეთი წამი არ იყო დღემდე.
და როგორც არის, ისე იქნება
ქვეყანა ჩემი სიკვდილის შემდეგ.

ეს საავადმყოფო კუბოს მაგონებს,
სიკვდილზე ფიქრი აქ უფრო მღალავს.
გამომელია მართლა ძალ-ღონე,
გამომელია სიცოცხლის ძალა.

Terenti Graneli - Es Saavadmyofo Kubos Magonebsტერენტი გრანელი - ეს საავადმყოფო კუბოს მაგონებს

No comments:

Post a Comment