ღრუბლებმა
მზე არ ამოუშვეს ამ დილით ცაზე.
შუაღამისას დაწყებული გრძელდება წვიმა...
სიამოვნებით იშმუშნება ტირიფი ნაზი
და ვაზის ფოთლებს
სიხარულის ცრემლები სცვივა.
ვხედავ -
მეზობლის სახლის თავზე გატეხილ კრამიტს.
ვხედავ -
ფოთლებზე თქარათქური გაუდის წვიმას.
ვხედავ -
შარაზე ქალი გარბის სოველი კაბით.
ვხედავ -
ქათმები აბუზულან ქლიავის ძირას.
წვიმს...
ყველაფერი...
ყველაფერი სველდება თვალწინ.
კრამიტებიდან ვარდებიან წვეთები მწკრივად,
ყანა სველდება,
გზა სველდება,
სველდება ანწლი,
შუაღამისას დაწყებული გრძელდება წვიმა.
ამქვეყნად
ერთად ვიმყოფებით მე და შენ ვიდრე!
მზე თუგინდ სულ არ ამოვიდეს,
თუგინდ - სულ წვიმდეს...
Muxran Machavariani - Grublebma Mze Ar Amoushves
მუხრან მაჭავარიანი - ღრუბლებმა მზე არ ამოუშვეს
No comments:
Post a Comment