მუხრან მაჭავარიანი - მინადორა

ქალი ტრიალებს დერეფანში
თავსაფრიანი...
თვეა ღვინობის -
დათვლილია ფოთლის დღეები...
ქარი
თანდათან ახლოვდება
შრიალ - შრიალით -
უკანასკნელად შრიალებენ
ალვის ხეები.

მზეს
ქუდის მოხდით ეთხოვება
ჭასთან გვირილა,
გაუსაპნავი
მიჭრიალებს გზაზე ურემი...
ჭიათურაში -
როგორც შავნი ზვირთნი ყვირილის -
ქალის ფეხებთან
ირევიან ინდაურები.

ინდაურების დაპურებას
დასჭირდა წუთი,
მერე
სასრაფოდ გადივანა
ქალმა ხელები...
კაბა ჩაიცვა საგარეო,
წაისვა პუდრი...
და
იღლიაში ამოიდო
ფეხსაცმელები.

მან ბილიკ-ბილიკ
ფეხშიშველა იარა დიდხანს...
გაჩერდა -
უკან გაიხედა -
არავინ ჩანდა! -
ჩამოჯდა -
ხელით გაიცილა ფეხებზე თიხა -
და
ფეხსაცმელი
მხოლოდ ახლა ჩაიცვა, რადგან
იქვე,
მახლობლად,
უკვე ჩანდა
სახლი მასპინძლის...

Muxran Machavariani - Minadora
მუხრან მაჭავარიანი - მინადორა

No comments:

Post a Comment