მუხრან მაჭავარიანი - მამიდა

კაკლის ჩეროში -
მახლობლად ღობის -
ნაფოტები რომ დაყრილა შეშის -
დგას
ქვის მაგიდა.
მაგიდაზეა პატარა გობი.
გობზე
ფრიალია თეფშებით ხელში
(ეს ხდება ხოლმე ივლისის თვეში) -
პარკილობის კეპავს მამიდა.

ჩვენს აივანზე
ღამე რომ ქრება -
მზე რომ ამოვა -
დილა რომ დგება -
ტყიდან რომ მოდის მეზობლის გოგო -
მამიდა ვაშლის ჩეროში ჯდება
(არ მახსენდება, ეს როდის ხდება)
და არჩევს ხოლმე სოკოს.

თუ გაწყრა ღმერთი
და ჩვენი ყანა
მოაკალოვა მეზობლის ღორმა
(რაც არა ერთხელ ხდება),
მამიდა ვინმეს დაზოგავს განა?
ფილთაქვასავით იფეთქებს ხოლმე,
„მიწას აყრის“ და
„მარხავს“ მთელ სოფელს
(განსაკუთრებით ახლო მეზობლებს),
მაგრამ არავინ კვდება.

Muxran Machavariani - Mamida
მუხრან მაჭავარიანი - მამიდა

No comments:

Post a Comment