I
ბაყაყთ აისხეს აბჯარი,
მავნედ აუშვეს ბეწვია,
ავს უპირობენ საქმესა,
თუ წეროს გუნდი ეწვია.
მკვიდრი გამართეს სანგლები
დიდრონი მეტის-მეტია,
ადვილად მოიგერებენ,
თუ მტერი ჩამოეტია.
შეკრეს ლერწამის ჯებირით
მთელი ჭაობის გვერდია,
ჭაობის ზედაპირზედა
მოფინეს ხავსი, ბელტია,
რომ გრძელ-კისერამ, გრძელ-კლანჭამ
ვერ მოიკიდოს ფეხია.
მრავლად ჩააწყვეს ნაღმები,
გავარდეს როგორც მეხია.
ბაყაყთა თავგამოდება
მართლაც რომ დასაკვეხია.
გაგზავნეს წეროებთანა
მოთათბირენი ცხრანია
და შეუთვალეს თავის მტერს:
„აღარ გახლავართ ბრმანია,
მოგვწყინდა ამდენი თმენა,
გვაწვალებთ რათა ხანია.
აღარ გვწადიან გემონოთ,
აღარ ვართ თქვენი ყმანია.
რა გიჭირთ, ჩვენ არა გვჭამდეთ?
ძოვეთ ბალახი მწვანია!
შინ რად გვიხდებით კერაში,
რა გვმართებს, ნეტავ, ვალია?
დაგვშორდით, თქვენთვის იყავით,
რადა გშურსთ ჩვენთვის წყალია?
მოდი, დადეგით, იკმარეთ
ამდენი ცოდვა-ბრალია.
თორემ ჩვენც კაცები გვქვიან,
გვიჭრის თვალი და ხმალია.
ამას გიბარებთ, წერონო,
საბაყაყეთოს ყმანია.
სამშობლოსათვის თავს დავდებთ.
მტკიცეს ფიცსა ვდებთ ძმანია,
და იქნებ ლოგინად გვექმნას
თქვენი ბუმბული, ფრთანია“.
II
წეროთ ძალიან იწყინეს
ბაყაყთა შემონათვალი,
იმ წამს თათბირი გამართეს,
სიტყვები ითქვა მრავალი:
„რომ გავტყდეთ, აღარ გვექნება
ხომ კარში გამოსავალი!“
წეროთ ბჭობის და თათბირის
აზრი ეს იყო მთავარი.
ბაყაყებს შემოუთვალეს
მათაც პასუხი მაგარი:
„დასაბამიდან ქვეყნისა
ჩვენი მონანი ჰყოფილხართ.
რამ დაგაგიჟათ, საწყლებო,
ვის რჩევას გადაჰყოლიხართ?
ვინ მოგიწამლათ, ნეტავი,
გონება ბილწის რჩევითა?!.
დადეგით, თორემ, იცოდეთ,
ძალიან დაირბევითა.
ერთს დღეს მთლიანად გაგმუსრავთ,
რომ გაქრეს თქვენი სინსილა.
ხომ იცით, წეროთა გუნდმა
თუ ციდან დაისისინა
და ბასრი ხმლები ორ-პირი
აგიპრიალათ ცხვირ-წინა,
ვნახოთ, მას შემდეგ თუ კიდევ
ბაყაყმა დაიყიყინა“.
III
დაიძრა წეროს ლაშქარი,
ჟღერა გაისმა აბჯრისა;
არავინ არი მნახველი
ჯერ იმოდენა ჯარისა.
მიწას აღარა სწვდებოდა
სხივი მზისა და მთვარისა.
გაიბა წეროს რაზმებით
კიდენი მთა და ბარისა.
ბაყაყნიც მოუთმენლად
თავზე მტრის დასხმას ელოდნენ,
ზარბაზნებისა დადგმასა
ერთი-მეორეს ჰშველოდნენ.
სულ-კურთხეულმა ელიამ,
სცნო რა ამბავი ომისა,
მყის განიზრახა მოწყობა
საქმის მებრძოლთა შორისა:
მოყარა შავი ღრუბლები,
გამართა ელვის ციალი,
გრგვინვა და ჭექა საზარი
და ერთი ორონტრიალი.
მიფანტ-მოფანტა ნისლები,
შიგ წვიმა ჩაქსო მცრელია.
ვეღარ გაიგეს წეროთა
გზა თვისი წასასვლელია,
ზოგთა ჩრდილოეთს გასწიეს,
სხვებმა – სამხრეთის მხარესა,
ერთნი ხევებში ჩაცვივდნენ,
იქ თავი შეაფარესა.
ის გახარება თქვენს მტერსა,
რაც იმათ გაიხარესა!
განა არ უწყით, ყველგანაც
კაცის თვალია მზირასა,
ოღონდ ირგოს რამ, აცეცებს
გზას, წყალს და ჯაგის ძირასა.
წეროს რომ თოფი ესროლოს,
რას ვნახავთ გასაკვირალსა?!
ამისგან მრავალი წერო
გადადიოდა ყირასა.
ბაყაყთ კი იდღესასწაულეს
იქვე ჭყანტობის პირასა
შემუსრვა წეროს ლაშქრისა
იმავ მეორე დილასა.
და ვისგან მოხდა ეს საქმე,
როდი ფიქრობდენ იმასა!
Vaja Fshavela - Bayayta Ajanyeba
ვაჟა ფშაველა - ბაყაყთა აჯანყება
No comments:
Post a Comment