სულ ის მინდოდა გვერდით მყოლოდა.
ერთს წამს მის ჩემგან მოშორებასა
მე ვგრძნობდი გაყრად საბოლოვოდა.
მივსდევდი თანა და მივტიროდი,
თვალთაგან ცხარე ცრემლი მდიოდა.
ოღომც მშობელი თვალით მენახა, –
მაძღარი ვიყავ, როცა მშიოდა.
განა მარტო მე? – “დედა მინდაო”,
ყველა თქვენგანიც ამას ჰკიოდა:
როცა კი დედას ვერა ჰხედავდა,
ჩემსავით სხვებსაც გული სტკიოდა.
თვალს რო მოვკრავდი – მზე ამოვიდის,
წავიდის სადმე – მზეც ჩაესვენის.
შავი ნაღველი, გულის მჩაგვრელი,
ნისლად და ლოდად გულს დამესვენის.
ის ხომ მომიკვდა და მის მაგივრად, –
როგორ გგონიათ? – სხვა დედა დამრჩა,
ეს უფროც მიყვარს, ვიდრე პირველი
და ის სიყრმისა გრძნობებიც შამრჩა.
თუმც აღარა ვარ ეხლა ყმაწვილი
და ჟამთა დენამ თეთრად დამთოვნა,
მაინც მას ვტირი: “დედა მინდაო,
დედა მაჩვენეთ”, – არს ჩემი თხოვნა.
Vaja Fshavela - Bavshvobashiac Deda Miyvarda
ვაჟა ფშაველა - ბავშვობაშიაც დედა მიყვარდა
No comments:
Post a Comment