ვაჟა-ფშაველა - ბალღი რასაცა ვხედავდი

ბალღი რასაც ვხედავდი,
იმასვე ვხედავ დღესაცა:
რაც ადამის დროს ჰქონია,
ის გულივე აქვ დედასა.
მეტი, შვილისთვის ერთგული,
არ ჰყავ ჩემ თვალთა ხედვასა.
რაც უნდ სთქვით, ყველაზე მეტად
ღმერთი ამშვენებს ზეცასა;
ვაჟკაცს – სამშობლოს ტრფიალი,
თუ შესძლებს, გაიბედავსა,
თავს დასდებს მამულისათვის,
გულში იმრავლებს კვნესასა;
მკვდარს – საიქიოს ცხონება,
აქ – სანეტარო სახელი,
როს ყველას გულში უნთია
მის სახე, როგორც სანთელი.
დიან ძველებრივ ნისლები
უცვალებელის წესითა,
არა დგებიან ერთ ალაგს
უფესვოები ფესვითა.
გაზაფხულს მოსდევს ზაფხული
და შემოდგომას – ზამთარი.
ყველას ჰყავ თვისი მხლებელი,
როგორაც ქორწილს მაყარი.
მზე გვათბობს, სიცივე გვყინავს,
დარდი გვაოხრებს, გვატირებს,
ტრფიალი გვკოცნის პირშია,
მტრობა მუშტს შემოგვაღირებს.
კოცნა შვილია ტრფობისა,
ფურთხი და მტრობა – ზიზღისა.
მუდამაც ასე იქნება,
ვინც სოფლის წესი იცისა.
ვნებათა იგივეობა
წესია დედამიწისა.
დღევანდელი ყმა, იქნება,
ხვალ-ზეგ ბატონად ხდებოდეს,
ხვალ ოქროს ტახტი დაიდგას,
ვინც მონობაში კვდებოდეს,
თუ წინად ასე მომხდარა,
დღესაც ასევე იქნება:
გამეორება არ მოხდეს,
ისე ვერ გარდაიქმნება
ადამიანის სიცოცხლე
და მასთან მთელი ბუნება.
მიტომ ვმღერ დაუცხრომელად,
საფლავშიც ჩავალ მღერითა:
“ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე,
ტანჯულ ქართველი ერითა!”

Vaja Fshavela - Balgi Rasaca Vxedavdi
ვაჟა ფშაველა - ბალღი რასაცა ვხედავდი

No comments:

Post a Comment