ბაკურ სვანიძე - "მე მოვალ შენთან!"

მე მოვალ შენთან! –
ბანალური არის სიტყვები...
ზუსტად ისეთი, როგორც ახლა ჩვენი განწყობა...
არაფერს გეტყვი,
შენ ყველაფერს ისეც მიხვდები –
წასვლისას ყველა გულნატკენიც ასე ამბობდა...
.
დამელოდები? –
არც ეს კითხვა არის ახალი
და უფრო ხშირად
პასუხია – თავის დაქნევა...
ისიც იცი, რომ არაფერი აღარ მახარებს
და მხოლოდ ძველი სურვილია –
კვლავ გადარევა!

.
რითმებიც ძველი –
მაგ ცრემლების ტბებმა დატბორა
გემი, რომელიც ტრფობის ზღვაში დიდხანს ვატარე...
და ალბათ ფიქრობ –
რა იქნება ის მეტაფორა
ჩემს მოსვლას ახლა, ბოლო სტროფში რომ შევადარებ...
.
დაგელოდები! –
თავის ქნევით მპასუხობ რახან
და წამწამებიც სინანულის ფერით მორთულან...
მე მოვალ შენთან!
როგორც...
თოვლი მოვიდა შარშან!
შარშან კი...
თოვლი...
როგორც მახსოვს...
სულ არ მოსულა...

Bakur Svanidze - Me Moval Shentan
ბაკურ სვანიძე - მე მოვალ შენთან!

No comments:

Post a Comment