მურმან ლებანიძე - "აღარც - ბრძოლა"

აღარც - ბრძოლა,
აღარც - ქროლა,
აღარც შეძახება მწადის -
თვალი ესიყვარულება
წვეროკინას
ჭადრის...

მზე მოსტოპავს
ცისფერ ტატნობს,
კაცი - გაღმა ვენახს ხარდნის -
როგორც უნდა
ისე ხარდნოს,
მე -
სიჩუმე
მწადის!

აღარც - დევის ქალი ცოლად!
აღარც -
სკიპტრა ზღვიდან ზღვამდის!
ხელმწიფობა კი არა და,
აღარც -
რუსთაველობა მწადის!

მზე ამოდის
და მზე ჩადის,
ვნატრობ, - ძველებურად მწვავდეს,
თვალი ესიყვარულება
წვეროკინას
ჭადრის.

Murman Lebanidze - Agarc - Brdzola
მურმან ლებანიძე - აღარც - ბრძოლა

No comments:

Post a Comment