ყველას ვიღაცა
გვიწოდებს ლამაზს,
ხან გარეული, ხან შინაური,
ყველა ადვილად
მიხვდება განა,
ხუმრობაა თუ ქათინაური.
ვინმე ვინმესთვის
გზა არის დიდი,
ვინმე ვინმესთვი
არის იმედი,
განა ყოველთვის
სიმღერით მიდის
სიჭაბუკიდან გზა სიბერემდი.
მე ვინც მგონია მკაცრი და ცუდი,
ჩემთვის ვინც არის კაცი უგულო,
არის სხვა ქალი -
ვინც წლობით უცდის,
და საწუთროში
მისით სულდგმულობს.
ზოგჯერ სიცოცხლეს
დაუსვამ წერტილს,
სახეს ღრუბელით ჩამოიქუფრებ,
და მაინც სადმე
სიყვარულს შენს წილს
იპოვი, როგორც
გრემის სიტურფეს.
ხან დაბერდები კაცთან
შემთხვევით,
მოკვდები, როგორც
ზამთრის ცივი დღე,
ხან უცხოს სადმე შეეფეთები
და მთელ სიცოცხლეს
ვეღარ ივიწყებ.
რადგან ბუნება არ გვრჩება ვალში
რაღაც სიკეთით
ყველას მოგვმადლის,
იმედის ზღვაში თეთრი აფრებით
ვტივტივებთ, როგორც
შორი ხომალდი.
ყველას ვიღაცა გვიწოდებს ლამაზს,
ხან გარეული, ხან შინაური,
ყველა ადვილად
მიხვდება განა,
ხუმრობაა თუ ქათინაური.
Medea Kaxidze - Yvelas Vigaca
მედეა კახიძე - ყველას ვიღაცა
No comments:
Post a Comment