ჯანსულ ჩარკვიანი - ვაჟას ხმა

რას იღრინები, სამყაროვ,
რა ელვა შემომიქნიე,
რად მეუბნები, სხვა ხარო, -
რა უკრძალებლად მირქინე.

წყაროსთან ნუკრი დამიჭერ,
თავს დამანგრიე ტაძარი.
ზურგში ხანჯალი გამირჭე,
სახლს გამიჩინე ხანძარი.

დგას დედაბოძი ნაფუძარს,
ისე, ვით ჯვარი საფლავზე
წუთისოფელმა ჩაჰფურცლა,
რაც ჩემში ჩამოაფასე

დოქები სისხლით ამივსე,
ენა წამგლიჯე მართლისა,
დამკარ, დამსეტყვე, დამნისლე,
ჭირი მაჭირვე ქართვლისა.

წინაპრის ცრემლი მაწვიმე,
შთამომავლობა მატკინე,
ერთბაშად კი არ გამწირე -
სულს გამყარე და დამტკვირე.

მაინც შენით ვარ აქამდი,
შენი სიმკაცრით ხელთვქმნილვარ,
ქვა დამეც, უფრო გავქვავდი,
უფრო ვიქეცი ბეთქილად.

თვალი დამთხარე, უთვალო
ვაჟას ხმა მესმა ბებრული: -
ნუ დამამშვიდებ, უფალო,
მამყოფე შეწუხებული.

Jansul Charkviani - Vajas Xma
ჯანსულ ჩარკვიანი - ვაჟას ხმა

No comments:

Post a Comment