შოთა ნიშნიანიძე - დედაბრისა და მამლის ამბავი

I
იყო რაჭაში დედაბერი,
მარტოკა იყო ცხრა ზამთარი
და ყველაფერი, ყველაფერი
მოთქვამდა როგორც საზანდარი.

იტირე, იტირე, საზანდარო -
იტირე, ჩემო ბებრუხანა...

აგერ ყანობირი გათქერილი,
შიშველი, როგორც დეკემბერი,
დათვი დალაყუნობს ასკერივით,
მგლები დაძვრებიან ლეკებივით.

ვიღაცამ მამალი დიდებული
გამოიმეტა დედაბრისთვის,
რაჭაში გაციმბირებული,
როგორც ბუნტარი დეკაბრისტი.

- ჰეი-ჰეი, ქომაგები სად არიან,
სახლი რომ ომამდე ურანდიათ?
- ქომაგად ეს ერთი მამალია,
ოთხიც ჯარისკაცთა სურათია...

II
დედაბერს კი სახელებად რად ჩაესმის ყიყლიყო:
- გიგილიკოოო!
- კიკილიკოოო!
- კუკურიკოოო!
- ილიკოოო!

დედაბერი ამ მამლის და სიკვდილის მოყურადე,
დღეში ცხრაჯერ გამოიტანს შვილიშვილთა სურათებს:

- თქვენ, რო რაჭას მოდიოდეთ, თუნდაც სააგარაკოდ,
ბეჩა, რაღა ექნებოდა ამ ხალხს სალაპარაკო,
მაშინ გინდაც ე ბიჭები ცოცხლები ყოფილიყოს:
გიგილიკა... კიკილიკა... კუკურიკა... ილიკო...

. . . . . . . . . .

ჰე მამალო, - კოხტა ბიჭო, ხმა ხმას მიაწყვილეო,
თქვი სიცოცხლის სადღეგრძელო, თქვი გმირული ლილეო,

მართლა რაინდობაა და გმირობა, მამალო,
ეს ქვეყანა გიყვარდეს უდედლოდ, უმამლოდ.

ვაშა, ამ მზეს, ამ სიცოცხლეს, სულ ვაშა და ყიყლიყო:
- გიგილიკოოო...
- კიკილიკოოო...
- კუკურიკოოო...
- ილიკოოო...

III
ერთ დღესაც მწარედ მიაბღავლა ტყეებს ქორბუდამ -
ტყეში წასული დედაბერი ვეღარ მობრუნდა.
- გვითხარ, კოდალავ,
- გვითხარ, ციყვო,
- გვითხარ, შოშიავ,
სამი მგლის დედა რომელ ხევში, ფუღუროშია?

მალე მგლის ლეკვნიც ამოცვივდნენ ავტომანქანით
და იყო ერთი მითქმა-მოთქმა... რძლების ქაქანი...

იმ მამალს თავი წააცალეს, გზაში ისაგზლეს...
ღვინოს წრუპავდნენ, იხსენებდნენ ბებოს სისაწყლეს...

IV
ამბობენ მთაში მონადირეს დაუფრთხა როჭო
და თოფი ხელში შეაცივდა, ისე შეშინდა:

პირჯვარს სახავდა დედაბერი მშობლიურ რაჭას
მფრინავი თეფშიდან...

Shota Nishnianidze - Dedabrisa Da Mamlis Ambavi
შოთა ნიშნიანიძე - დედაბრისა და მამლის ამბავი

No comments:

Post a Comment