მელანო ზუკაკიშვილი - თეთრი მოციქული

ყველა პოეტი შინაგანად დარდიანია,
სულში ეზრდებათ სევდისფერი ქრიზანთემები.
ყველა პოეტი ქრისტეს თეთრი მოციქულია,
უფლის ხმა ესმით სიჩუმესთან ერთი შეხებით.

უდარდელები აბა ლექსებს როგორ დაწერენ,
თუ სულში არ ჰყავთ ჩამწყვდეული სევდის ჭინკები.
საოცარია, სიღრმეების ფსკერზეც აღწევენ,
არ დაეტევა სამყაროში მათი ფიქრები.

ყველა პოეტი თვალებს მიღმა აზრებს კითხულობს,
ყველა წვრილმანში იპოვნიან ბედნიერებას.
მათ შეუძლიათ გალაქტიკა ამოაბრუნონ
და სიმახინჯეც მოავლინონ მშვენიერებად.

უტყვ სიბნელეში სითეთრესაც დაინახავენ,
მძიმე ხმაურში შეუძლიათ ჰპოვონ სიმშვიდე.
სამყაროს მიღმა დგომა უყვართ, უყვართ დუმილი,
არც შეეცადოთ მათი სივრცის ზღვართან მიხვიდეთ.

სხეულში უზით თვალუწვდენი ჰორიზონტები
და მათი სული მოჰფენია ცის კაბადონსაც.
მუდამ იბრძვიან, ბობოქრობენ სწორუპოვრები,
პოეზიის სუსხს გზად ტოვებენ მზის ავგაროზად.

ყველა პოეტი დარდისა და ფიქრის მსხვერპლია,
ზეციურ ხვრელში ჩამწყვდეულნი ღმერთებს ებრძვიან,
პოეტი სითბოს მათხოვარი, სულით მდიდრული,
არის შეშლილთა პანთეონზე სისხლით მიბმული.

Melano Zukakishvili - Tetri Mociquli
მელანო ზუკაკიშვილი - თეთრი მოციქული

No comments:

Post a Comment