მუხრან მაჭავარიანი - ლხინი ალაზნის ჭალაში

დღეს საქართველო ილტვის ზეცისკენ,
მცირეღა შეგვრჩა რადგანაც მიწა...
შეხედე ჭადარს, _
არის ეს ის ხე,
რომლის ჩეროში ერეკლე იჯდა.

შუაზე აპობს მდინარე სიცხეს.
თავგანწირული ირგვლივ არი სმა.
მოწყენილია თელავის ციხე, _
ვერ იასპინძა რადგან კრწანისმა.

გახურდა ლხინი:
შეეწნა ხმა ხმას,
ხმა გაიმეტა ცის ლურჯმა თაღმაც _
და როცა ეშხში შევიდნენ უკვე,
მამაპაპურმა სიმღერამ მსუყემ _
იალაზანა,
იალაზანა, _
ორმაგი მისცა ალაზანს ძალა
და გადმოლახა ნაპირნი წყალმა.

ქვითინებს მუხა, _ ალაზანს გაღმა,
ილიას თვალწინ რომელიც გახმა...
კახურით გულის ხშირდება ძგერა,
პირზე ღიმილი ახმება გელათს,
თვალები ცრემლით ევსება ხახმატს:
ვერ იდავითა პატარა კახმა!
ვერ იდავითა პატარა კახმა!

Muxran Machavariani - Lxini Alaznis Chalashi
მუხრან მაჭავარიანი - ლხინი ალაზნის ჭალაში

No comments:

Post a Comment