მუხრან მაჭავარიანი - ჭოლა

აკლდა
ორიღა წუთი ტფილისიდან მატარებლის გასვლას.
საკატორღენი აჰყავდათ ვაგონებში -
ჟღარუნებდა ბორკილი.
წარმოსადეგი თავადი მარილიანად ოხუნჯობდა,
სიცილით ბუქნავდა
კეთილშობილი მანდილოსანი -
თევზივით მოქნილი.

- ნამდვილი კომიკი ხართ, ბატონო ტიტიკო! -
(ღიმილით პასუხობდა კომპლიმენტს თავადი).
ირგვლივ საყურადღებო არაფერი ხდებოდა თითქო, -
კვლავ გულიანად კისკისებდა ქალი ტანადი.

დარეკეს ზარი -
აჩოჩქოლდა მატარებელი გრძელი -
ბაქანზე დარჩა
ყაყაჩოიანი ყმაწვილივით
ჭაღარა რკინიგზელი.

ვაგონის ფანჯრიდან ველებს გასცქეროდა,
თოვლით გადაბარდნილს, ჭაბუკი ჭოლა.
მის თვალებს ცივი ციმბირი ელოდა,
სუსტ ფილტვებს -
ქარბუქი გამჭოლი.

და აი, საცაა მის სოფელს გადასერავს
ეს მატარებელი - გველივით მსრბოლი.
ალაგ ღოღნაშოზე ყვავები სხედან,
ალაგ ბუხრებიდან ამოდის ბოლი.

თენდება.
სოფელში მამალმა იყივლა.
იღვიძებს, იღვიძებს სოფელი ჩემი.
ჭოლას არ სჩვევია ტირილი სიყრმიდან,
ო, არა,
ეს ისე, -
წამოსცდა ცრემლი.

მატარებელი კი, თითქოს არაფერი! -
მიჰქრის და...
აღარ სჩანს ქოხები, ღობე.
- დედაო, მიშველე! - კინაღამ დაიძახა
ჭოლამ,
ვით სიყრმეში იცოდა ხოლმე.

. . . . . . . . . .

ციმბირი. კატორღა. სულს ღაფავს ჭოლა.
მომაკვდავს ეჩვენება სოფელი თვისი:
დედა ძროხას წველის.
საყვარელ ბოჩოლას
ჭოლას უმცროსი ძმა ეძახის: ჩივის!

. . . . . . . . . .

გამოჩნდა ტფილისიც.
ტფილისის ქუჩებში
დილაა.
წყნეთელი გაჰყვირისის: მაწონს!
ჭოლა ევაჭრება წყნეთელს ციმბირიდან:
- რა ღირსო ქილა მაწონი, კაცო?

. . . . . . . . . .

ირგვლივ ციმბირია, ირგვლივ ღრმა თოვლია.
მთვარე საფლავიდან ადგა.
აქ არც ტფილისია, აქ არც წყნეთელია, -
ჭოლა
აღარ არი რადგან.

Muxran machavariani - Chola
მუხრან მაჭავარიანი - ჭოლა

No comments:

Post a Comment