წყნარი ოკეანის ოქროს ნაპირებთან
ტირის სევდისფერი, ძველი როიალი.
ზეცა გარინდული წვიმას აპირებს და
ტალღა პოეტურად მიმზერს მომღიმარი.
ღამეს ვარსკვლავები წყალში ჩაუცვივდა,
ქარში დაეფანტა, როგორც ოცნებები.
მთვარეს ცივი გული უფრო გაუცივდა,
მე კი მგონია რომ ვეღარც დროს ვერევი.
ვეღარც სიშორეს ვგრძნობ, ასე გამეფებულს,
ვეღარც სიცივეს და ვეღარც სიმარტოვეს.
ვუმზერ ჰორიზონტზე, ზეცას აცრემლებულს,
ვხვდები ყველა დარდი ფსკერზე მივატოვე.
ვდგევარ სანაპიროს კლდოვან ქვაფენილზე,
ცივი ღამის სუსხში სისხლი გამეყინა.
სული გაჰკივის და აღწევს ხმა ზენიტზე,
ღამე უძრაობის ტკივილს გაემიჯნა.
ქარი უსაშველოდ ქროლვას აპირებს და,
მთვარე ქალწულია, ღამის მგლოვიარე.
წყნარი ოკეანის ოქროს ნაპირებთან,
ტირის სევდისფერი, ძველი როიალი.
Melano Zukakishvili - Dzveli Roiali
მელანო ზუკაკიშვილი - ძველი როიალი
No comments:
Post a Comment