დავრჩი ისეთად,
როგორც თავი წარმომედგინა...
ხოლო გარშემო შეიცვალა მთელი ქალაქი...
და არ მადარდებს,
დღეს რომ გული (ისევ) მეტკინა.
მე მანადგურებს ცარიელი (შენი) ოთახი...
მა,
მე შენს გარდა ტკივილისთვის აღარ ვიმეტებ -
არავის!
მათ,
ვინც მოინდომეს (ერთად) - მომნახეს
და სათითაოდ დამიმსხვრიეს ყველა იმედი.
მა,
ახლა - ბოლო წუთებია დეკემბრის, თოვლი -
არა თოვს. ცივა. სხვანაირი ფერი აქვთ ღრუბლებს...
შენ პატარა ხარ, შენთან თეთრი ფიფქები მოვლენ
სიზმარში, როცა დაიძინებ ტკბილად. მე უბრად
ვარ, მა, მა, ამ (დიდ) ცხოვრებასთან, ახირებული
ხასიათი მაქვს - ასეთი ვარ. შენა ხარ ტკიპა,
როცა მეკრობი მკერდზე - მაშინ. გამითბე გული.
მა,
მათ არ ეყოთ ჩემი სისხლი, რაც ამოხვრიპეს
ამ ძარღვებიდან და ვგრძნობ, ვხვდები, ბოლომდე გავლენ...
და გეფერები,
გეფერები - ყველაზე თბილად...
წმინდაო ღმერთო,
ღვთისმშობელო მარიამ,
ავე...
(მე - არაფერი) დამილოცეთ პატარა შვილი.
Nika Cherqezishvili - Ciklidan - Ma (Meore Leqsi)
ნიკა ჩერქეზიშვილი - ციკლიდან - მა (მეორე ლექსი)
No comments:
Post a Comment