ზვიად რატიანი - "ნუ გახდი ავად, ვინც მარტოა. მითუფრო – ღამით"

ნუ გახდი ავად, ვინც მარტოა. მითუფრო – ღამით.
მითუფრო – როცა სხვაგანაა. სხვაგან და მარტო.
როცა ვერავინ ანუგეშებს სიტყვით ან წამლით.
გდია სასტუმროს ბნელ ნომერში. საბანი, პალტო,
თუკი რამ იყო, წაიფარა. მაინც აციებს.
და ბოთლშიც წყალი ცოტავდება, საცაა, დაცლის.
ნუ გახდი ავად, ვინც მარტოა. თანაც კაცია.
კაცი ასეთ დროს გაცილებით სუსტია. კაცი
გაცილებით ძნელად უძლებს ფიზიკურ ამბებს,
როცა მარტოა. როცა გვერდით არ არის იგი,
– დედა, და, ცოლი, საყვარელი, – რომელიც დარბის
ცალ ხელში წამლით, მეორეში – წყლიანი ჭიქით.
და სულ გახსოვდეს ის სიმწარე, როგორ იმატა
სიკვდილის შიშმა. აქ სიკვდილის. უკვე ხედავდი,
რა საწყლად ეგდო თეთრ ზეწარზე შენი ცხედარი;
და როგორ შეგრცხვა ამ ყველაფრის, როცა ინათა

Zviad Ratiani - Nu Gaxdi Avad, Vinc Martoa, Mitufro - Gamit
ზვიად რატიანი - ნუ გახდი ავად, ვინც მარტოა. მითუფრო – ღამით

No comments:

Post a Comment