დროდადრო

დროდადრო
ყველაფერს ეცვლება ფერები,
ჰო, წლებიც სხეულზე იცვლიან სეზონებს,
მერე კი გგონია უდროოდ ბერდები,
სარკეში ედრები შენს კარის მეზობელს.
დროდადრო
ფიქრობ რომ ამინდზე მშვიდი ხარ,
ქარიშხალს დაჰყვები და უფრო ლმობიერს,
გინდება უსიტყვოდ უმზერდე ხიდიდან
წამის წინ ხმაურით გაფრენილ თოლიებს.
დროდადრო
ხასიათს თან დასდევს განწყობა,
სულს მეტი სიგიჟე, გონება – სინთეზი
და როცა ორდები,  “გაფრენა” წყაროა,
დაცლილი სხეულით ხელახლა ინთები...
დროდადრო
ისეთი ხშირია წვიმებიც,
ან ისე მშრალია ნაცემი ქუჩები,
რომ ენაც უშრებათ და მეტი სიბერწით
ლოკავენ სხვის ფეხებს, რატომღაც ჩუმდები...
დროდადრო
დღე-ღამეც იცვლიან საღამურს,
ხანდახან მზეს ჩასთვლემს მთვარესთან ბუდეში
და ემოცების დელგმასთან განაბულ
შენს მესთან,  ლექსების წერასაც უნდები.
დროდადრო
სულ ისე, მარტივად ვრთულდები,
ფერი მაქვს ხან უფრო ცასავით მოავდრო,
ხან ასე შლეგი და ხან ისე სულელი,
გიყვარდე მინდა და თუგინდა
დროდადრო...

Drodadro

No comments:

Post a Comment