შოთა ნიშნიანიძე - საით გაგექცეთ ღელის ტირიფებს

საით გაგექცეთ ღელის ტირიფებს
სად დაგემალო, ზვარო, ჭალაკო?
ნუ გამხდით, თქვენი ჭირიმე,
ნუ გამხდით ქვეყნის სალაპარაკოდ

რამ დაგამგვანა მაინც ალიონს,
ტურფა ვენახო, ტურფა თითაო,
თავი არ მომჭრათ, არ გადამრიოთ,
არ დაგერიოთ სულ სათითაოდ!

დავიღუპები, მორჩა, იმწამსვე
გაუმართლდებათ ეჭვი მალული;
მეტიც არ უნდათ ჩემს სახლიკაცებს,
გადააქნევენ თავს სინანულით.

ხმა ამოიღეთ, რამე მითხარით,
ხომ ჩემს სიგიჟეს არ გაიოცებთ?
თქვენდა კურთხევად მე ვარ მიმდგარი,
თქვენ შემოგევლოთ ჩემი სიცოცხლე!

ნუღარ ო, ნუღარ მელამაზებით
ხვავით, ბარაქით, ათინათებით,
მე ერთი ვარ და თქვენ ათასები,
ვაი რომ ვეღარ აგითავდებით...

მაინც რადა ხართ ასე კარგები,
დაუნდობელად მოგიზგიზენო,
უჰ, გაგექცევით, დავიკარგები,
ერთი დღით მაინც რომ მოვისვენო.

თბილისში მაინც არ ჩამომდიოთ,
თბილისში მაინც არ ჩამომაკითხოთ,
არ დამაწიოთ ნისლი ნოტიო,
არ მომიგზავნოთ ღვინო, აკიდო,

შემეშვით, ჭკუა არ ამირიოთ,
საქმე არ მიქნათ სამამაძაღლო_
თბილისში სახლი არ დამინგრიოთ,
აქ სამუდამოდ არ დამასახლოთ!

Shota Nishnianidze - Sait Gageqcet Gelis Tirifebs

No comments:

Post a Comment