მანანა ფრუიძე - * * *

მყვირალობისას თორმეტ სანთელს ავინთებ ქედზე,
წყალდიდობისას გადავლეკავ დანისლულ ჭალებს,
სუბსარქისისას ვიბობოქრებ ქარიშხლის გვერდზე
და კვირტობისას შენთან ერთად გავახელ თვალებს.

ყვავილობისას გაგეშლები სოსნად და ვარდად,
მარიამობას ჩამოგიკრავ ერდოზე ზარებს,
სათიბობისას გავხუნდები მოცელილ დარდად,
და ღვინობისას ჭურ-მარანის შეგიღებ კარებს.

ფოთოლცვენისას ავცეკვდები სურვილით ქარის,
გიორგობისთვეს შენს სარკმელთან მომიტანს ბედი,
ქრისტესშობისას ავმაღლდები სხეულში ქალის
და აღსარებად ავკვნესდები სიმღერით გედის.

დიდთოვლობისას დაგიფარავ ციცაბოს გზათა,
ენძელობისას ლილო-ჭრილოდ მოგივალ ხევში
და როცა მარტი აგისუსხავს სისველეს თვალთა,
ტყემლის ყვავილად ჩაგაკვდები საფიცარს ხელში...

Manana Fruidze - Myviralobisas Tormet Santels Avinteb Qedze

No comments:

Post a Comment