ვაღიარებ,რომ გაცვია კარგად,
ვაღიარებ,უკვე სული მიმდის,
გაზაფხული გარეთ მდელოს ქარგავს,
როგორც კლერკი ქარგავს თავის სინდისს.
ვაღიარებ,შენი თვალის ფერი
მიზიდავს და შენი მიმიკები...
მე ვარ ახლა სერ უოლტერ პერი,
და სახლისკენ მიმაქროლებს კები.
ზღაპარს უნდა შევუკეთო დენთი,
წინ იშლება ჯადოსნური სივრცე,
შენ აქ დგახარ ახლა როგორც ღმერთი,
და მზადა ვარ ეშმაკს სული მივცე.
ვაღიარებ-არაფერი ვიცი,
ზეცა ღრუბელს ვერ იცილებს ნაქსოვს,
დაივიწყა ყველამ ძველი ფიცი,
ძველი ფიცი მხოლოდ ჩვენ ორს გვახსოვს
No comments:
Post a Comment