როინ აბუსელიძე - მიზეზი

ქუჩა ლექსისთვის ეძებდა საბაბს,
შენ კი გამოვლა დააგვიანე,
იმ დღეს არ გეცვა ლამაზი კაბა,
თუმცა ამინდი იყო მზიანი,

თუმცა მგზავრებიც სხვადასხვა გზებით
ვიდოდნენ, ბევრმა სურვილიც ზოგა,
შენ ტრამვაიში აგქონდა გზნება
და უნებურად ამოგყვა ზოგი.

შემდეგ ჰაერიც ნელ-ნელა გალხვა,
მოესპო დუმილის ხმაურის მიჯნა
და როგორც ტაძარს - გიცქერდა ხალხი
და მხოლოდ ერთი იწერდა პირჯვარს.

შენ კი იდექი და თმაგაშლილი,
აქრობდი ცხელი ფიქრების ლავას,
რომ სიბნელეში დამფრთხალ ბავშვივით
საკუთარ გულში გეფეთქა თავად.

და სიცოცხლეში (მიხვდი თავიდან)
ვერას იზამდი იმაზე კეთილს -
რომ იმ კაცს დარჩა შენი შარმი და
იესოს სამი პირჯვარით მეტი.

roin abuselidze - mizezi

No comments:

Post a Comment