პაოლო იაშვილი - ვალერიან გაფრინდაშვილს

როდესაც გძინავს დამძიმებულ წვიმიან დღეში,
შენ თმებს გივარცხნის ოფელია სუსტი თითებით.
იმას გედები ჩააბარეს თეთრ სამოთხეში
და გულსაფარი მოუქარგეს მარგალიტებით.

გაახელ თვალებს, მორცხვად იტყვი: ახ, უკაცრავად,
ჩამოხსნი ფრთხილად თეთრ ნაბადს და დერიდახოლებს,
და თუ დაჰკოცნი იმის თითებს დაუკაწრავად,
ათ კოცნას თვალი ათ მარგალიტს გადააყოლებს.

ქვეშევრდომ პოეტს ენა მეტად დაგებორკება,
აწვდი საყურეს თავდახრილი და უხერხული.
მან დაგავალა შენ მესტების ფეხზე მორგება
და ემზადება, რომ გამართოს ცაში ფერხული.

სურს ოფელიას პირველობა და ძვირფასობა,
ქალწულ სურვილებს გაგიმჟღავნებს და დაგენდობა,
და თუ მხოლოდ შენ გეკუთვნებოდა ეს დარბაზობა,
აღარ სჭირდება ოფელიას ცოდვის შენდობა.

და ეს შეხვედრა კიდევ ბევრჯერ რომ გამეორდეს,
რომ მის მადლობით ამაყობდეს პოეტის მკერდი,
შემოგთავაზებს ოფელია საკუთარ ორდენს,
რომ იყო მისი კავალერი შენ ერთად-ერთი..

Pavlo Iashvili - Valerian Gafrindashvili

No comments:

Post a Comment