ლაშა-გიორგი - ზაფხულის ცხელი საღამო

ზაფხულის ცხელი საღამო,
შორს,მეტყევეთა კარვები,
არის ჰაერში ზურმუხტი,
ალმასები და ქარვები.

მოგელავს მღვრიე არაგვი,
უძღვის ბებერი შამანი,
მცხეთას-აუხსნელ ქარაგმით
ვარდი და იასამანი,

უძღვნიან სურნელს-უსტარით,
და მზე - სინათლის ვაჭარი,
და მე - მორიგი მუშტარი,
მზეში - სიცოცხლის მაჭარი.


შენამდე ბეწვის ხიდია,
და ქვეშ - მღელვარე არაგვი,
ცაზე წერონი მიდიან,
ღამის მოიწევს სარანგი.

თბილისისაკენ ავტოებს,
მოსდევს ქართლური ალერსი,
და ავლაბარში დამტოვეს,
ყაყაჩოთაგან ნალესი.

და მე - სიცოცხლის მუშტარი,
შენ - პაემანის ვაჭარი,
კარში - რაყიფის უსტარი,
ძარღვში - ქართული მაჭარი!

lasha-giorgi-zafxulis cxeli sagamo

No comments:

Post a Comment