ნიკა ნორიელი - თოვლობისას

ვიცი საბოლოოდ მაინც გადავხტები
ოღონდ ფანჯრებიდან ალბათ არასოდეს...
ჩემში უცაბედად შენ თუ გარინდდები
სიტყვებს გაგახსენებ პულსით ორიოდეს...

თუმცა იცოდე რომ როგორც ლექსების დროს
ახლაც ისე მიჭირს წუთის დასრულება...
იცი ? სხვაფერია ზეცა თოვლობისას
რადგან სხვანაირად თვალი პალიტრდება...

ხოდა დათოვლილზე როცა ბილიკების
უხმო სიმარტივეს სული მიყვებოდა...
მაშინ გავიფიქრე ჩემი არაფრობის
სტროფად გადმოცემა რაში მჭირდებოდა...

როცა სიახლოვეს შენ ვერ დაგინახე
როცა უღმერთობა უფრო დამეუფლა...
მაინც ბოლო ღერით გრძნობა დაგიხატე
იქნებ შენი სახე სადმე დამეუბნა...

ვიცი საბოლოოდ მაინც გადავხტები
ოღონდ ფანჯრებიდან ალბათ არასოდეს...
რადგან თუ გადავხტი ფანჯრის კიდულიდან
მაშინ ვეღარ გნახავ ვერსად ვერასოდეს...

Nika Norieli - Tovlobisas

No comments:

Post a Comment