ნიკა ნორიელი - მამა ილია ჩიკვაიძეს

შენ დილას გავხარ მამავ, რადგან მზესავით გიცქერ.
ისე მიხარის შენი ხილვა, როგორც მზის სხივის...
ამბიონიდან მაძლიერებს შენი ლოცვა და
ჩემი ცოდვების გამომსყიდველს ზეცა გიღიმის...

მომღიმარ ტუჩებს წვერი ფარავს, შენ რომ მღვდელი ხარ,
და ღიმილს მხოლოდ თვალებიდან აჩენ... სიფხიზლით...
დადიხარ, რადგან ასჯერ ასი კაცის მცველი ხარ,
უფლისკენ ბილიკს მიუყვები ღვთიურ სიმშვიდით...

შენი გზა ცისკენ მიისწრაფის მე კი მიწიდან,
საგზალის ნაცვლად, ცოდვებს გატან რომ ვარ უღირსი...
კაბის გარეშეც მღვდელი იყავ და კაბითაც ხარ,
უშენოდ მე ხომ პირჯვრის წერაც სწორად არ ვიცი...

ქარი აგიშლის, მაგ წელამდე დაყრილ ველურ თმებს,
შენი შემყურე სიყვარულად გარდავიცვლები...
მერე კი ერთად გავუყვებით პოეტურად გზებს,
პოეტიც რომ ხარ მიხარია - გამოგიტყდები...

შენ დილას გავხარ მამავ, რადგან მზესავით გიცქერ.
ისე მიხარის შენი ხილვა, როგორც მზის სხივის...
ამბიონიდან მაძლიერებს შენი ლოცვა და
ჩემი ცოდვების გამომსყიდველს ზეცა გიღიმის...

Nika Norieli - Mama Ilia Chikvaidzes

No comments:

Post a Comment